27 ნოემბრის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებმა პირადი თანაშემწეების აყვანის თაობაზე იმსჯელეს.
როგორც საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, 2018 წლის ბიუჯეტში, რომელიც დასამტკიცებლად უკვე წარდგენილია, საბჭოს ყველა წევრისთვის თანაშემწეთა აყვანის საკითხია გათვალისწინებული.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი მიიჩნევს, რომ საბჭოს წევრებისთვის პირადი
თანაშემწეების აყვანა გაუმართლებელი ხარჯია და საჭიროებას არ წარმოადგენს.
“იმ ფონზე როცა ყველა სახელმწიფო უწყებაში არის ოპტიმიზაცია და შტატების შემცირება ხდება, შტატების გაზრდა მართებულად არ მიმაჩნია. ვინმემ რამე პროექტი მოამზადა და ვერ მოასწრო და თანაშემწე სჭირდება? ან ვინმემ მიმართა რომელიმე დეპარტამენტს და უარი მიიღო დახმარებაზე თუ რა? ” – განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.
სერგო მეთოფიშვილისგან განსხვავებით, საბჭოს სხვა წევრები ამ ინიციატივას მხარს უჭერენ.
“ვთვლი, რომ ყველა საბჭოს წევრს უნდა ჰყავდეს თანაშემწე. კარგი იქნება, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ფული დავზოგოთ. თუმცა, ერთი თანაშემწის ანაზღაურება არ არის ის ოდენობა, რომელზეც უნდა გავწიოთ შეღავათი მაშინ, როდესაც, რეალურად, ეს ბიუჯეტი შეიძლება, რომ სხვანაირადაც იქნეს გადახედილი. მე, პირადად, ვთვლი, რომ მჭირდება ჩემი პირადი თანაშემწე”– განაცხადა საბჭოს წევრმა ირმა გელაშვილმა.
ამ დრომდე საბჭოს წევრებს სულ სამი თანაშემწე ეხმარებოდათ, თუმცა, 2018 წლიდან ეს ციფრი, სავარაუდოდ, თხუთმეტამდე გაიზრდება.
როგორც გიორგი მიქაიუტაძემ სხდომაზე განაცხადა, ამ პოზიციაზე აუცილებელი მოთხოვნა უმაღლესი იურიდიული განათლება იქნება.
Comentários